გორაბრეჟოულის სასწავლო ფართი
გურიის რეგიონში, ჩოხატაურში, გორაბერეჟოულის ისტორიული პროფესიული სასწავლებლის ტერიტორიაზე კოლეჯ „ჰორიზონტის“ სასწავლო ფართი 2021 წლიდან ფუნქციონირებს. კოლეჯი თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით არის აღჭურვილი და 100 სტუდენტზეა გათვლილი.
საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სასწავლებელი რეგიონისთვის პრიორიტეტული სოფლის მეურნეობის დარგების – მეხილეობის, მებაღეობის, ბაღის დიზაინის, ასევე, კომპიუტერული ქსელისა და სისტემების, სკოლამდელი აღზრდისა და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულებების სადიპლომო პროგრამებზე ყოველწლიურად აცხადებს მიღებას.
პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება სოფლის მეურნეობისა და კვების პროდუქტების გადამუშავების კუთხით მოკლევადიან მომზადება-გადამზადების კურსებსაც ახორცილებს, როგორებიცაა ვენახის გაშენება და მოვლა, ხეხილოვანი კულტურების დაცვა და ღვინის დამზადება საოჯახო მარანში.
გორაბერეჟოულის კოლეჯმა ახალი სიცოცხლე შესძინა ადგილს, სადაც 1924 წლიდან ფუნქციონირებდა პროფესიული განათლების ერთ-ერთი პირველი კერა საქართველოში – სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმი და ხელი შეუწყო რეგიონში მრავალპროფილიანი, კვალიფიციური კადრების მომზადებას და მათ პროფესიულ გადამზადებას, რაც სოფლის მეურნეობის დარგების სწრაფი განვითარებისთვის მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.