ვის შეუძლია პროფესიული განათლების მიღება?
პროფესიული განათლების მიღების უფლება აქვს ყველა პირს, ზოგადი განათლების საბაზო (9 კლასი) საფეხურის დაძლევისა და კონკრეტული პროგრამისთვის დაწესებული მიღების წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე.
რა ტიპის პროგრამები არსებობს პროფესიული განათლების სისტემაში?
პროფესიული განათლების სისტემაში არსებობს 3 ტიპის - საბაზო პროფესიული, საშუალო პროფესიული და უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა.
- საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობა;
- საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა. ამასთან, პირს, რომელიც ფლობს სულ მცირე საბაზო (9 კლასი) ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს, შეუძლია ჩაირიცხოს ისეთ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები (ე.წ. ინტეგრირებული პროგრამა). აღსანიშნავია, რომ ინტეგრირებული პროგრამის დასრულების შემდგომ გაიცემა სრული ზოგადი განათლების ატესტატთან გათანაბრებული დიპლომი.
- უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობას წარმოადგენს სულ მცირე სრული ზოგადი (12 კლასი) განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის ფლობა.
ზემოხსენებული ტიპის პროგრამები მოდულურია, რაც ნიშნავს იმას, რომ პროფესიული განათლების სივრცეში არსებული პროგრამები არ ისწავლება საგნებით, არამედ მოდულებით. თითოეული მოდული მოიცავს კონკრეტულ კომპეტენციას.
მოდულური საგანმანათლებლო პროგრამა შედგება ზოგადი, არჩევითი და სავალდებულო მოდულებისაგან. პროგრამებზე სწავლება ძირითადად პრაქტიკულია და მიმდინარეობს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამის ბიზნეს ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით. ამასთან, ზოგიერთი პროგრამა ხორციელდება სამუშაოზე დაფუძნებული/დუალური მიდგომით, რაც იმას ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულება და კომპანია ინაწილებენ პასუხისმგებლობას სტუდენტის მომზადებაზე და პროგრამის პროფესიული მოდულებით გათვალისწინებული სწავლის შედეგების 50% ან მეტი მიიღწევა რეალურ სამუშაო გარემოში - კომპანიაში.
როდის და როგორ შეიძლება პროფესიულ პროგრამებზე დარეგისტრირება?
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ყოველწლიურად აცხადებს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებში სწავლის მსურველთა რეგისტრაციას.
პროფესიული განათლების მიღების მსურველს რეგისტრაციის გავლა შეუძლია საქართველოს მასშტაბით მოქმედ რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ იმ სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში, რომლებსაც გამოცხადებული აქვთ მიღება. ასევე, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს დარეგისტრირდეს ონლაინ შემდეგ ვებგვერდზე - vet.emis.ge