საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობამ განახლებული ვებგვერდის www.vet.ge პრეზენტაცია გამართა.

Print
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, მსოფლიო ბანკის საქართველოს წარმომადგენლობამ განახლებული ვებგვერდის www.vet.ge პრეზენტაცია გამართა. ახალი ელექტრონული პორტალი შექმნილია „ერთი ფანჯრის“ პრინციპის გათვალისწინებით, სადაც თავს იყრის პროფესიული განათლების შესახებ არსებული ყველა საჯარო მონაცემი და სტატისტიკა, ასევე ინფორმაცია ახალი ინიციატივების, სამთავრობო პოლიტიკისა და პრიორიტეტების შესახებ. ვებგვერდი შექმნილია მსოფლიო ბანკის მიმდინარე პროექტის – „პროფესიულ განათლებაში მასწავლებლების ხარისხის ამაღლება“ ფარგლებში, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას გაერთიანებული სამეფოს „კარგი მმართველობის ფონდი“ უწევს. მისი მიზანია, პროფესიული განათლების მასწავლებლების შესაძლებლობების გაძლიერებით, ასევე მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებითა და ეფექტური მექანიზმების შექმნით, პროფესიული განათლების სტუდენტებისათვის შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი უნარების განვითარების ხელშეწყობა.
⚙ ახალი ვებგვერდი შექმნილია რეფორმის პროცესში ჩართული მხარეების, ასევე, მთავარი ბენეფიციარების – სტუდენტების საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, რაც უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს ინფორმირებული კარიერული გადაწყვეტილებების მიღებისათვის, ინფორმაციაზე წვდომის გაუმჯობესებას. პარალელურად, ვებგვერდის საშუალებით გადაწყვეტილებების მიმღები მხარეები უზრუნველყოფილი იქნებიან სანდო და სრულყოფილი მონაცემებით სექტორის შესახებ. მისი მარტივი დიზაინი შესაძლებლობას ქმნის საჯარო ინფორმაცია, საჭირო მონაცემები და საგანმანათლებლო რესურსები ადვილად იქნეს მოძიებული. განახლებული ელექტრონული ინსტრუმენტი www.vet.ge გაზრდის პოტენციური ბენეფიციარების დაინტერესებას, უნარების განვითარებისთვის გამოიყენონ პროფესიულ სასწავლებლებში შეთავაზებული შესაძლებლობები, ასევე, ხელმისაწვდომს ხდის ინსტიტუციების პარტნიორობის შესახებ საჭირო ინფორმაციას და აუმჯობესებს პროფესიული განათლების იმიჯს.
💬 „მოხარული ვარ წარმოგიდგინოთ პროფესიული განათლების ახალი ელექტრონული პორტალი www.vet.ge, რომელიც, დარწმუნებული ვარ, გაზრდის სექტორის მიმართ ინტერესს და შესაბამის საგანმანათლებლო სერვისებზე ხელმისაწვდომობას საქართველოში. მჯერა, რომ განახლებული ვებგვერდი, განსაკუთრებით ახლა, COVID-19 პანდემიის პირობებში, მნიშვნელოვან როლს ითამაშებს პროფესიული განათლების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და სტუდენტებს, მასწავლებლებს, კოლეჯებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებაში. ამასთან, მინდა განსაკუთრებით წავახალისო ჩვენი პარტნიორები კერძო და საჯარო სექტორიდან, გამოიყენონ აღნიშნული ვებგვერდი სექტორთან სხვადასხვა თანამშრომლობითი ურთიერთობების დამყარებისთვის“, – განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ.
#პროფესიულიგანათლება