პრემიერ-მინისტრის ვიზიტი კოლეჯ “ჰორიზონტში”

Image may contain: 5 people, people smiling, people standing and suit

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი და მთავრობის სხვა წარმომადგენლები პროფესიულ კოლეჯ “ჰორიზონტში” იმყოფებოდნენ. მამუკა ბახტაძემ დეტალური ინფორმაცია მოისმინა იმ პროფესიების შესახებ, რომელთა დაუფლებას სასწავლებელი ახალგაზრდებს სთავაზობს.

სახელმწიფო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება „ჰორიზონტი” ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, მომსახურების სფეროს და საინჟინრო მიმართულების 18 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს, მათ შორისაა კულინარიის ხელოვნება, სამკერვალო წარმოება, ელექტროობა, გიდი, საინფორმაციო ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელების და სისტემების ტექნიკოსი, შემდუღებელი, ტრაქტორისტ-მემანქანე, სავალი ნაწილის ტექნიკოსი და ა.შ.

პროფესიული კოლეჯის დირექტორის, ნანა ჯოლიას ინფორმაციით, 2017-2018 წლებში, სასწავლებელს ჰყავდა 951 კურსდამთავრებული, რომელთა დაახლოებით 80% უკვე დასაქმებულია. კოლეჯის კურსდამთავრებულთა დამსაქმებლები არიან გურიისა და აჭარის რეგიონების სასტუმროები, რესტორნები, სამშენებლო კომპანიები, აგრარული მიმართულების საწარმოები, გურიის რეგიონის სატყეო სამმართველო და ა.შ.

მთავრობის მეთაურმა განათლების მასშტაბურ რეფორმაზე ისაუბრა, რომლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობაა. მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა პროფესიული სასწავლებლების მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოქმედების მნიშვნელობას, რათა ახალგაზრდები დაეუფლონ ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს, რაც სასწავლებლის დასრულებისთანავე მათი დასაქმების გარანტია იქნება.
#პროფესიულიგანათლება #კოლეჯიჰორიზონტი

Please follow and like us:
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.